ზეგანაკვეთური სამუშაო

ᲨᲠᲝᲛᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲘ

ზ. ნატროშვილი

5/8/2025

silhouette of people on field during daytime
silhouette of people on field during daytime

ზეგანაკვეთური სამუშაო შრომით სამართალში ერთ-ერთი აქტუალური თემაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება დასაქმებულის უფლებებსა და დამსაქმებლის ვალდებულებებს. საქართველოში აღნიშნულ საკითხს არეგულირებს შრომის კოდექსის 27-ე მუხლი, რომელშიც 2020 წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი განახლება მოიტანა.

📌 რა არის ზეგანაკვეთური სამუშაო?

საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, ზეგანაკვეთურად ითვლება სამუშაო, რომელიც აღემატება კანონით ან შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაო საათებს. ჩვეულებრივ, ეს ნიშნავს კვირაში 40 საათზე მეტ ან დღეში 8 საათზე მეტ მუშაობას (გარდა გრაფიკით განსაზღვრული არასრულმეტრაჟიანი სამუშაოს შემთხვევებისა).

⚖️ რა შეიცვალა 2020 წლის ცვლილებების შემდეგ?

2020 წლის შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად:

  • განისაზღვრა ზეგანაკვეთური სამუშაოს ზღვრული ოდენობა არასრულწლოვანის პირ მიმართ, კერძოდ, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროის ხანგრძლივობა ასეთ დასაქმებულთან მიმართებით სამუშაო დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო სამუშაო კვირის განმავლობაში ჯამურად − 4 საათს.

  • დადგინდა ზეგანაკვეთული სამუშაოს ანაზღაურების ვადები, კერძოდ, ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელ ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებასთან ერთად, ხოლო, დამატებითი დასვენების დროით - ანაზღაურებისას არაუგვიანეს 4 კვირისა.

  • შეიცვალა ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრის პრინციპი - რომლის მიხედვითაც, ზეგანაკვეთურად მიიჩნევა ის პერიოდი, რომელიც დასაქმებულის ნორმირებულ სამუშაო დროს აღემატება. ამან შესაძლებელი გახადა ზეგანაკვეთურად განვიხილოთ სამუშაო განრიგს მიღმა ნებისმიერი დამატებითი შრომა, უკვე დღის ჭრილშიც.

📄 დასაქმებულის თანხმობა და შეთანხმება

გაიითვალისწინეთ, რომ ზეგანაკვეთური სამუშაო ეს არის დროის შეთანხმებული მომენტი, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის თანხმობის საჭიროებას გაწიოს ზეგანაკვეთური სამუშაო. თანხმობა უნდა არსებობდეს იმ ფორმით, რაც სადაო შემდთვევაში, მისი დადასტურების შესაძლებლობას იძლება (წერილობითი, ელექტრონული...).

💰 ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება

კანონი განსაზღვრავს, რომ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება უნდა ანაზღაურდეს ხელფასის საათობრივი ტარიფის განსაზღვრული კოეფიციენტით, ხოლო, თუ შეთანხმება დროით ანაზღაურებაზეა, ამ შემთხვევაში - პროპორციული დასვენების დროით.

კანონი კონკრეტულად არ განსაზღვრავს ანაზღაურების გაზრდილ კოეფიციენტს, თუმცა, ის არ უნდა იყოს ფორმალური. პრაქტიკაში ზეგანაკვეთური ანაზღაურების დამაკმაყოფილებელ ზღვრად ხელფასის საათობრივი ტარიფის 125% მიიჩნევენ.

🛡️ დასაქმებულის უფლებები და დაცვის მექანიზმები

დასაქმებულს აქვს უფლება:

  • უარი თქვას ზეგანაკვეთურ შრომაზე, თუ იგი არ არის სავალდებულო გარემოებებით (სტიქციური უბედურება ან საწარმოო ავარია) გამოწვეული;

  • მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება ან დასვენება;

  • მიმართოს შრომის ინსპექციას, თუ ზეგანაკვეთური შრომა გამოიყენება უკანონოდ.