მონაცემთა დაცვის ვალდებულება
ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲪᲕᲐ
ზ. ნატროშვილი
5/5/2025
რა ავალდებულებს საწარმოებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონი?
თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, სულ უფრო აქტუალური ხდება პერსონალური მონაცემთა დაცვის საკითხი. აღნიშნულ გამოწვევაზე საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 14 ივნისს მიიღო "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" განახლებული კანონი, რომელიც მონაცემთა დამუშავებელ პირებს ავალდებულებს უზრუნველყონ მონაცემთა უსაფრთხოება კანონით დადგენილი წესით.
რას ამბობს პერსონალურ მონაცემთა კანონი მონაცემთა დაცვაზე?
მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას მიღებული უნდა იქნეს ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
პრაქტიკულად რას ნიშნავს ეს?
მონაცემთა დამუშავებელმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის:
🔐 დაშიფვრა და პაროლებით დაცვა – მონაცემების ელექტრონული ფორმით დამუშავებისას.
🔍 წვდომის კონტროლი – მონაცემები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ იმ პირებისთვის, ვისაც სამსახურებრივად სჭირდება ასეთ ინფორმაციაზე წვდომა.
🧾 ლოგირება და მონიტორინგი – ვინ, როდის და რატომ ამუშავებდა მონაცემებს.
📄 შიდა პოლიტიკის შემუშავება – უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა არსებობდეს დოკუმენტურად, ცნობილი იყოს თანამშრომლებისთვის და ხდებოდეს მისი ფაქტობრივი დაცვა.
🧠 ტრენინგი თანამშრომლებისთვის – ცოდნის გარეშე უსაფრთხოება არ არსებობს.
რისკზე დაფუძნებული მიდგომა
კანონის 27-ე მუხლი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მონაცემთა უსაფრთხოების ზომები უნდა შეირჩეს დამუშავების ხასიათის, მოცულობის, კონტექსტის და მიზნის გათვალისწინებით, და – რაც მნიშვნელოვანია – შეფასდეს მონაცემთა დარღვევით გამოწვეული რისკ(ებ)ის დონე.
სხვა სიტყვებით - რაც უფრო "განსაკუთრებულია" მონაცემი და რაც უფრო დიდია მისი გავრცელების რისკი, მით უფრო მკაცრი უნდა იყოს მისი დაცვის მექანიზმები.
დასკვნა:
იმისთვის, რომ შესაბამისობაში იყოთ კანონთან და თავიდან აირიდოთ მისი დარღვევით გამოწვეული მძიმე ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი, მნიშვნელოვანია ზედმიწევნით დაცივათ მონაცემთა დაცვის კანონისმიერი სტანდარტი. ყველაფერი კი იწყება მონაცემთა დაცვის გამართული პოლიტიკით, რომლის განსაზღვრა და ჩამოყალიბება მონაცემთა დაცვის სტანდარტის მთავარი ფუნდამენტია.
თუ გსურს მეტი ინფორმაცია მიიღო კანონის მოთხოვნებზე, დაგვიკავშირდი ან გამოიწერე ჩვენი გვერდი.
All rights reserved © 2025
